სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მილოცვები მიიღო.
კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენელმა კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაურისგან, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისგან გამოგზავნილი წერილი წაიკითხა.
ტირანასა და ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსმა სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. მან საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს საჩუქრად ბარძიმ-ფეშხუმი გადასცა, როგორც ერთიანობის, სიყვარულისა და მომავლისადმი რწმენის სიმბოლო.
შეგახსენებთ, რომ დღეს სვეტიცხოვლის დაარსებიდან 1700 წელი და ტაძრის განახლებიდან 1000 წლისთავი აღინიშნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციები დაესწრო.