"გლობალიზაცია გარდაუვალი პროცესია და ამის გამო არ უნდა ჩავიკეტოთ, პირიქით, უნდა გავეცნოთ სხვა ქვეყნების კულტურას და მათგან კარგი შევიმცნოთ", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
"საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს და ძნელია დიდი ქვეყნების გვერდით თანაცხოვრება. სარწმუნოებამ საუკუნეების განმავლობაში გადაარჩინა ქართველი ერი. ეს არის დიდი ძალა, რომელიც დღესაც გვიცავს",- ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან, პატრიარქმა აქვე დასძინა, რომ ქართველებს ბევრი რამ აქვთ ისეთი, რაც გარესამყაროსთვისაც მისაღებია.
"ეს არის ჩვენი ფასეულობები და მათ უნდა გავუფრთხილდეთ", - ბრძანა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სვეტიცხოვლის დაარსებიდან 1700 წელი და ტაძრის განახლებიდან 1000 წლისთავი აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციები დაესწრო.