"გამთლიანდება საქართველო, ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ჩვენ ვიქნებით ბედნიერი ერთად", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
"სვეტიცხოველი არის დიდი და ძლიერი ანთებული სანთელი, რომელიც იყო ანთებული წმინდა ნინოს, წმინდა ნანა დედოფლისა და მეფე მირიანის მიერ. ჩვენმა ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო და ქართველი ერი. სარწმუნოება არის უდიდესი ძალა, რომელიც იცავს ჩვენს ერს და მე მინდა დავლოცო ჩვენი ერის ახალგაზრდობა, რომელიც მთელი გულით იღებს ქრისტეს მადლსა და სარწმუნოებას. მე ვამადლობ უფალს და ვადიდებ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. იმედი მაქვს, რომ მადლი უფლისა გაამთლიანებს საქართველოს. გამთლიანდება საქართველო, ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ჩვენ ვიქნებით ბედნიერი ერთად, აფხაზები და ოსები ჩვენთან ერთად ბედნიერები იქნებიან და ამას შევთხოვ უფალს, რომ დამთავრდეს ეს განსაცდელი და ღმერთმა მოიღოს თავის წყალობა", - ბრძანა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სვეტიცხოვლის დაარსებიდან 1700 წელი და ტაძრის განახლებიდან 1000 წლისთავი აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციები დაესწრო.