ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს: ჰუბერტ ქნირშსა და დიეგო კოლასის შეხვდა.
ელჩებთან შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, უსაფრთხო ტურისტული დერეფნების მოწყობა და მწვანე ზონების შექმნა იყო განხილული.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა და საქართველოს მთავრობამ ეფექტური ზომები მიიღო Covid19-ის გავრცელების წინააღმდეგ.
მარიამ ქვრივიშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის და სამოგზაურო პროტოკოლების ამოქმედების საკითხები განიხილა.
"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან საქართველოში. ეს შეხვედრა ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების პრინციპით ტურისტული ნაკადების შესაძლო მიმოსვლას ეხებოდა. ხაზი გაესვა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრხთო მიმართულებაა. ასევე წარმატებულად შეფასდა ის საქმიანობა, რაც საქართველოს მთავრობამ Covid-19-ის პანდემიის დროს გასწია. ამ შეფასებისთვის ჩვენ მადლობას ვიხდით. შეხვედრაზე ძალიან კონკრეტულად ვისაუბრეთ იმ გზების შესახებ თუ როგორ შეიძლება ტურიზმი გაიხსნას ეტაპობრივად და ფრთხილად, რათა პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ და ასევე ვიზრუნოთ იმ საერთაშორისო მოგზაურებზე, რომლებიც ივლისიდან საქართველოს ეტაპობრივად ესტუმრებიან", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
"ჩვენ ძალიან მოწადინებულები ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლებას და მის დინამიურობას ამ გამოწვევების პერიოდში. დღეს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ საქართველოში ტურიზმის გახსნის პირობებზე, უსაფრთხო დერეფნების შექმნის და მწვანე ზონების მოწყობის შესახებ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ზაფხულის სეზონზე საქართველოში ტურიზმი იხსნება. ამ ეტაპზე ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩვენ ძალიან მოწადინებულები ვართ, რომ საქართველო საუკეთესო მარკეტინგული კუთხით იყოს წარდგენილი საფრანგეთის ტურისტულ ბაზარზე", - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.