ჩინური კომპანიის Bytedance-ს აპლიკაცია TikTok მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი იძლევა აპლიკაციაში ვიდეოების დამუშავების შესაძლებლობას. მისდამი განსაკუთრებული ინტერესი პანდემიის დროს გაჩნდა. ცნობილმა ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს სხვადასხვა სახის გასართობი ვიდეოების განთავსება, რამაც აპლიკაციის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა. აპლიკაცია საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მოქალაქეების უკეთ ინფორმირების, ინტერნეტის და ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე თითოეული ჩვენგანის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა Tik Tok-ის ამჟამინდელი ფუნქციები, აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის წამყვანი ორგანიზაციების რეკომენდაციები.
რა მონაცემებს აგროვებს აპლიკაცია ჩვენ შესახებ?
აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსხვავებულია მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კერძოდ, არსებობს სამი სახის კონფიდენციალურობის პოლიტიკა - ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირებისთვის, ევროპის ეკონომიკურ ზონაში შემავალ ქვეყნებში /შვეიცარიაში მცხოვრები პირებისთვის და სხვა ქვეყნებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, აპლიკაციის იმ მომხმარებლებისთვის, რომელებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მოქმედებს „სხვა ქვეყნებისთვის“ განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
აპლიკაციის სრული ფუნქციონალის გამოყენებისთვის აუცილებელია მომხმარებლის რეგისტრაცია. აპლიკაციაში რეგისტრაციისას მომხმარებელი გასცემს შემდეგი სახის პერსონალურ მონაცემებს: სახელი, დაბადების თარიღი (როცა ხდება ამ მონაცემის მითითება), ელექტრონული ფოსტის მისამართი ან/და ტელეფონის ნომერი.
რეგისტრაცია შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით. თუ მომხმარებელი აპლიკაციაში რეგისტრირება Facebook-ის, Twitter-ის, Instagram-ის ან მსგავსი პლატფორმის გამოყენებით, აპლიკაცია მომხმარებლის თანხმობით, დამატებით იღებს მითითებულ პლატფორმებზე მომხმარებლის პირად გვერდზე არსებული ინფორმაციის ნაწილს. ამასთან, აპლიკაცია აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლების ქცევის (მაგალითად, მომხმარებლის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების) შესახებ.
Google Play-ში დაფიქსირებული მონაცემებიდან გამომდინარე აპლიკაცია თქვენს მოწყობილობაში ჩაწერისა და მისი გამოყენების დროს მოითხოვს ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებზე და მოწყობილობის ფუნქციებზე წვდომას:
მოწყობილობის და აპლიკაციის ისტორია (Device & app history) - აღნიშნული წვდომა აპლიკაციას საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია მოწყობილობაში ჩაწერილი და მიმდინარედ გააქტიურებული აპლიკაციების/პროგრამების შესახებ. მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ Facebook-ის, Viber-ისა და WhatsApp-ის აპლიკაციები და მიმდინარედ გააქტიურებულია ისინი, TikTok-ის აპლიკაციას შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის მიღება. აპლიკაციისთვის მოწყობილობის და აპლიკაციის ისტორიაზე წვდომის გათიშვა შეუძლებელია;
მიკროფონი - აუდიო ჩაწერა (Microphone - record audio) - აღნიშნული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობის მიკროფონის გამოყენებით ნებისმიერ დროს განახორციელოს ხმის ჩაწერა, დამატებითი დადასტურების გარეშე. აპლიკაციის საშუალებით მიკროფონის პირველი გამოყენების დროს, იგი გეკითხებათ მოწყობილობის მიკროფონის გამოყენების ფუნქციაზე წვდომის მიღების შესახებ. მაგალითად, როდესაც პირველად გადაწყვეტთ ამ აპლიკაციის საშუალებით ვიდეოს ჩაწერას, აპლიკაცია მოგთხოვთ თქვენი მოწყობილობის მიკროფონისა და კამერის გამოყენების უფლებას. თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციას მისცეთ უფლება, დამატებითი დადასტურების გარეშე, შემდგომში გამოიყენოს თქვენი მოწყობილობის მიკროფონი. აპლიკაციას მიკროფონის გამოყენების ფუნქციაზე წვდომა შეგიძლიათ გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან;
ტელეფონის მეხსიერება (Storage) - მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია განახორციელოს მოწყობილობის მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების წაკითხვა/დათვალიერება, ჩაწერა, წაშლა ან რედაქტირება. მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ სურათები ან ვიდეო გამოსახულებები, აპლიკაციას შეუძლია მათი დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია თქვენი მოწყობილობის მეხსიერებაზე წვდომისათვის დამატებით გეკითხებათ ტელეფონში აპლიკაციის საშუალებით პირველი ვიდეო/აუდიო გამოსახულების შენახვის დროს. შესაბამისად, აპლიკაციას შეგიძლიათ მისცეთ უფლება დამატებითი დადასტურების გარეშე შემდგომში წვდომა ჰქონდეს თქვენს ტელეფონში ჩაწერილ სურათებზე ან ვიდეო გამოსახულებებზე. აპლიკაციას თქვენი მოწყობილობის მეხსიერებაზე წვდომა შეგიძლიათ გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან;
მაიდენტიფიცირებელი მონაცემები - ანგარიშის დამატება ან წაშლა (Identity - add or remove accounts) - აღნიშნული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობაში ანგარიშების (Account) დამატება, ამოშლა და მათი პაროლების წაშლა. მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილია Facebook-ის მობილური აპლიკაცია, ამ წვდომის საშუალებით TikTok-ის აპლიკაციას შეუძლია მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ Facebook-ის რომელი ანგარიში არის დარეგისტრირებული ტელეფონში. ასევე, შეუძლია ამ ანგარიშის პაროლის წაშლა. აპლიკაციისთვის მოწყობილობაში ანგარიშის დამატების ან წაშლის ფუნქციაზე წვდომის გათიშვა შეუძლებელია;
კამერა - ფოტო და ვიდეო გადაღება (Camera - take pictures and videos) - მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია ნებისმიერ დროს განახორციელოს კამერაზე წვდომა (სურათების და ვიდეოს გადაღება) დამატებითი დადასტურების გარეშე. მაგალითად, TikToK-ის აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობის კამერის საშუალებით ვიდეო ან ფოტო გამოსახულება ჩაიწეროს, მაშინაც კი როდესაც აპლიკაციას არ იყენებთ. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია თქვენი მოწყობილობის კამერით გადაღების ფუნქციაზე წვდომის მისაღებად დამატებით შეგეკითხებათ აპლიკაციის საშუალებით ვიდეო ან ფოტო გამოსახულების პირველი გადაღების დროს. მაგალითად, როდესაც პირველად გადაწყვეტთ ამ აპლიკაციის საშუალებით ვიდეოს ჩაწერას, აპლიკაცია მოგთხოვთ მოწყობილობის კამერისა და მიკროფონის გამოყენების უფლებას. შესაბამისად, აპლიკაციას შეგიძლიათ მისცეთ, შემდგომში დამატებითი დადასტურების გარეშე, თქვენი მოწყობილობის კამერით ვიდეო და ფოტო გამოსახულების გადაღების შესაძლებლობა. აპლიკაციისთვის კამერით გადაღების ფუნქციაზე წვდომა შეიძლება გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან;
Wi-Fi კავშირის შესახებ ინფორმაცია (Wi-Fi connection information) - აღნიშნული წვდომა აპლიკაციას საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია მოწყობილობაში უკაბელო ქსელთან წვდომისა და უკაბელო მოწყობილობის დასახელების შესახებ. მაგალითად, თუ თქვენს სახლში გაქვთ უკაბელო მოწყობილობა (Wi-Fi) ინტერნეტთან კავშირისათვის, რომელსაც თქვენი მოწყობილობა უკავშირდება, TikToK-ის აპლიკაცია კითხულობს თქვენი უკაბელო მოწყობილობის დასახელებას. გარდა ამისა, მას აქვს წვდომა ყველა უკაბელო მოწყობილობის (Wi-Fi) დასახელებებთან, რომელებიც ოდესმე გამოგიყენებიათ და მათ შესახებ მონაცემები თქვენს მოწყობილობაშია შენახული. აპლიკაციისთვის თქვენი მოწყობილობის Wi-Fi კავშირის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის გათიშვა შეუძლებელია;
კონტაქტები - კონტაქტების წაკითხვა (Contacts - read your contacts) - მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია წაიკითხოს მოწყობილობაში შენახული ყველა საკონტაქტო მონაცემები. მაგალითად, თუ მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ თქვენი ნაცნობების სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტის მისამართები და სხვა საკონტაქტო მონაცემები, TikTok-ის აპლიკაცია კითხულობს ყველა ამ მონაცემს. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია თქვენს ტელეფონში შენახულ საკონტაქტო მონაცემებზე წვდომის მისაღებად დამატებით შეგეკითხებათ თქვენს ტელეფონში შენახული ნაცნობების TikTok-ში მოძებნის დროს. შესაბამისად, შეგიძლიათ აპლიკაციას მისცეთ აღნიშნული უფლება. აპლიკაციას თქვენს ტელეფონში შენახულ საკონტაქტო მონაცემებზე წვდომა შეიძლება გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან.
აპლიკაცია აგროვებს ყველა იმ ვიდეო მასალას, რომელიც პირმა ატვირთა აპლიკაციაში, ასევე ატვირთულ ვიდეოზე სხვა მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ყველა კომენტარსა და მოწონებას. ამასთან, ინახავს ყველა იმ ვიდეო მასალას, რომელსაც მომხმარებელი წინასწარ ტვირთვას აპლიკაციაში და საჯაროდ ჯერ არ გამოუქვეყნებია (კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, აღნიშნული მიზნად ისახავს მომხმარებლის მიერ ვიდეო მასალის ატვირთვის სიჩქარის გაუმჯობესებას.
იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებელი ვერ ან არ მოახდენს ვიდეო ფაილის საბოლოოდ ატვირთვას და სხვა მომხმარებლებისთვის გაზიარებას, ვიდეო მასალის აპლიკაციის შემქმნელი კომპანიის სერვერიდან იგი წაიშლება).
აპლიკაცია, ორივე შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს შექმნილი აქვს საკუთარი ანგარიში ან უბრალოდ იყენებს აპლიკაციას მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერების მიზნით, ავტომატურად აგროვებს მომხმარებელთან დაკავშირებულ ისეთ ტექნიკურ მონაცემებს, როგორიცაა მაგალითად, IP მისამართი; ძებნის ისტორია; ინფორმაცია მობილური ოპერატორის, აპლიკაციის იმ ვერსიის შესახებ, რომელსაც მომხმარებელი იყენებს და სხვა.
ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით აპლიკაცია იყენებს მომხმარებლის მიერ საკუთარ გვერდზე მითითებულ ინფორმაციას საცხოვრებელ რეგიონთან დაკავშირებით ან/და GPS-ს სერვისს.
რა მიზნით ხდება მონაცემთა გამოყენება და რა ვადით ინახება ისინი ?
კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, აპლიკაციის მიერ მომხმარებელთან დაკავშირებით შეგროვებული მონაცემების შენახვა შესაძლოა განხორციელდეს სინგაპურში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერებზე, ხოლო აღნიშნული მონაცემები ინახება იქამდე სანამ მომხმარებელი იყენებს აპლიკაციას ან იქამდე სანამ კომპანიას აქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი.
მომხმარებლის შესახებ შეგროვებული მონაცემების გამოყენება შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა მიზნით. მაგალითად, აპლიკაციის ეფექტიანი ფუნქციონირების, მათ შორის, მისი გაუმჯობესების, განვითარების და პოპულარობის ხელშეწყობის, მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული სერვისის/რეკლამის შეთავაზების მიზნით.
მონაცემთა გამოყენების მიზნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აპლიკაციის საშუალებით შეგროვებულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მესამე პირებსაც:
• სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აპლიკაციის გამართულ ფუნქციონირებას;
• ანალიტიკური სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მათ შორის, აწარმოებენ მიზნობრივ რეკლამებს;
• სარეკლამო კომპანიებს და სარეკლამო კომპანიათა ქსელებს, რომლებიც მათ შორის, აფასებენ აპლიკაციის რამდენმა მომხმარებელმა ნახა კონკრეტული რეკლამა, რა სახის
აქტივობებს ახორციელებს მომხმარებელი აპლიკაციის ფარგლებში და სხვა ვებ-გვერდებზე (აღნიშნული შესაძლებელს ხდის მომხმარებლის ინტერესების იდენტიფიცირებას და შესაბამისი რეკლამის შეთავაზებას).
კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, აპლიკაციის შემქმნელი კომპანიის მიერ მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა, მითითებულია, რომ ინტერნეტის საშუალებით მონაცემთა გადაცემა არასდროს არ არის აბსოლუტურად უსაფრთხო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სხვადასხვა გზით, მაგალითად დაშიფვრის გამოყენებით, ახდენს მონაცემთა დაცვას, ის არ იძლევა გარანტიას აპლიკაციის საშუალებით გადაცემული მონაცემების სრულ უსაფრთხოებაზე.
დაცულია თუ არა არასრულწლოვანთა უფლებები?
კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებულია რომ აპლიკაცია არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ასაკის პირთათვის. რიგ შემთხვევაში, ეს ასაკი შესაძლოა იყოს ნაკლები ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. შესაბამისად, კომპანია მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც ფლობს ინფორმაციას, რომ აპლიკაციის საშუალებით ხდება მითითებულ ასაკზე ქვემოთ არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავება, კომპანიას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - privacy@tiktok.com.
გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვის პერსონალურ მონაცემების დამუშავება სპეციალურ, უფრო მკაცრ სტანდარტებსა და წესებს ექვემდებარება, მსოფლიოში განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ამ კუთხით კეთდება. კერძოდ, რამდენად მარტივი ენით აფრთხილებს აპლიკაცია ბავშვებს მონაცემთა დამუშავების შესახებ და რამდენად სწორად ხდება მშობლის თანხმობის მოპოვება.
TikTok-ის შემთხვევა საინტერესოა, რადგან მას შესაძლოა სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნდეს ყველა სხვა აპლიკაციისთვის, რომლებიც ბავშვების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ.