შეერთებულ შტატებში მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციებს პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ეხმიანება.
მისი განცხადებით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია იყოს სტაბილურობა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში.
მინდა გამოვეხმაურო აშშ -ში მიმდინარე მოვლენებს.
დიდი ყურადღებით და გულისტკივილით ვადევნებ თვალს აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია იყოს სტაბილურობა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში.
კანონის პატივისცემა, პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა, პროპორციული ჩარევა წესრიგის დასამყარებლად და ადამიანის სიცოცხლის და თავისუფლების დაცვა არის დემოკრატიის შემადგენელი ფუნდამენტი.
ნებისმიერი ფორმის ძალადობა მიუღებელია და ამას სამართლიანი რეაგირება უნდა მოყვეს. ამავე დროს პროტესტის გამოხატვაც უნდა იყოს მშვიდობიანი და არაძალადობრივი.
ჩვენ დღეს ყველას გვჭირდება სტაბილური, მშვიდობიანი და დემოკრატიული ამერიკა. სწორედ ამას ვუსურვებ ამ ქვეყანას", - აცხადებს ეკა ბესელია.
ერთ კვირაა არ წყდება ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები ვაშინგტონში, ნიუ იორკში და შეერთებული შტატების კიდევ მრავალ სხვა ქალაქში.
ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები ქალაქ მინეაპოლისში, პოლიციელების მიერ დაკავებული 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.
დაკავების კადრებში, ჩანს, რომ მიწაზე დაგდებულ ჯორჯ ფლოიდს პოლიციელი კისერზე მუხლს აჭერს, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული შველას ითხოვს და ამბობს, რომ სუნთქვა უჭირს. მოგვიანებით ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ამერიკის ხმის" ცნობით, შოვინის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, ის ფლოიდს კისრის არეში მუხლით 8 წუთი და 42 წამი აწვებოდა.
30 მაისს აღნიშნულ საქმეზე დააკავეს პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პოლიციელს უფრო მძიმე მუხლი წაუყენონ, ასევე პასუხი აგონ პოლიციის სხვა ოფიცრებმაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ.