ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში იწყება სამი ახალი პროექტი, რომელიც დახმარებას გაუწევს მოწყვლად ჯგუფებს Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში შექმნილი პრობლემების დაძლევაში.
პროექტები, რომლებსაც განახორციელებენ ევროკავშირის პარტნიორი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები "ქალთა საინფორმაციო ცენტრი", "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა", დაეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საქართველოს მასშტაბით.
"ევროკავშირი, კრიზისის დაწყების დღიდან მხარში უდგას საქართველოს და ასე გააგრძელებს. განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების კეთილდღეობა, თავიდანვე იყო ევროკავშირის ზრუნვის საგანი, ხოლო მათი მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ Covid-19-ის კრიზისით გამოწვეული პრობლემის დასაძლევად საქართველოსთვის გაწეული დახმარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახდინეთ საჭირო რესურსების მობილიზება და დღეს, მე დიდი სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ იწყება სამი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა მიზანია იძულებით გადაადგილებული პირთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება. პროექტებს შესაბამის სფეროში გამოცდილების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების განახორციელებენ. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მათთან თანამშრომლობის დაწყებას", - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
პროექტების შერჩევა მოხდა Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისზე სწრაფი რეაგირების ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად.
აღნიშნული პროექტები წარმოადგენს Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უზრუნველყოფილი დახმარების პირველი პაკეტის შემადგენელ ნაწილს და ასახავს Covid-19-ის კონტექსტში საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დასმულ აქცენტებს.
დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ იხილეთ ბმულზე.