შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, გასულ ღამეს ვაშინგტონში საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხრიდან პრობლემები არ შექმნილა. ამის შესახებ მან მიკრობლოგ "ტვიტერში" დაწერა.
"გასულ ღამეს ვაშინგტონში პრობლემები არ შექმნილა. ბევრი ადამიანი დააკავეს. შესანიშნავი სამუშაოა გაწეული. დიდი ძალები იყო მობილიზებული. ანალოგიური მდგომარეობაა მინეაპოლისში, მინეაპოლისი დიდებული იყო. გმადლობ, პრეზიდენტო ტრამპ", - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მეექვსე დღეა არ წყდება ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები ვაშინგტონში, ნიუ იორკში და შეერთებული შტატების კიდევ მრავალ სხვა ქალაქში.
ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები ქალაქ მინეაპოლისში, პოლიციელების მიერ დაკავებული 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.
დაკავების კადრებში, ჩანს, რომ მიწაზე დაგდებულ ჯორჯ ფლოიდს პოლიციელი კისერზე მუხლს აჭერს, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული შველას ითხოვს და ამბობს, რომ სუნთქვა უჭირს. მოგვიანებით ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ამერიკის ხმის" ცნობით, შოვინის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, ის ფლოიდს კისრის არეში მუხლით 8 წუთი და 42 წამი აწვებოდა.
30 მაისს აღნიშნულ საქმეზე დააკავეს პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პოლიციელს უფრო მძიმე მუხლი წაუყენონ, ასევე პასუხი აგონ პოლიციის სხვა ოფიცრებმაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ.