გაერთიანებული სამეფო მოწადინებულია, რომ რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ დაგმოს ჩინეთიდან მომავალი საფრთხე, რომელიც ძირს უთხრის ჰონგ კონგის ავტონომიას. განაცხადა დიდი ბრიტანეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა.
დომინიკ რააბმა მოუწოდა პეკინს, რომ უკან დაიხიოს და გადახედოს საკუთარ გეგმებს ჰონგ კონგში უსაფრთხოების კანონის დაწესების შესახებ.
მისივე თქმით, ლონდონი საერთაშორისო რეაგირების ავანგარდშია და ჩინეთი უნდა ელოდოს ადეკვატურ პასუხს, თუ იგი არ შეცვლის ზრახვებს ჰონგ კონგის ავტონომიასთან დაკავშირებით.
"ახლა არის სწორედ იმის დრო, რომ ჩინეთმა უკან დაიხიოს და პატივი სცეს ჰონგ კონგის ავტონომიასა და ჩინეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს", - განაცხადა რააბმა პრესკონფერენციაზე.
"თუ ჩინეთი მაინც დააწესებს ეროვნული უსაფრთხოების კანონის, დიდი ბრიტანეთი პარტნიორებთან თანამშრომლობით იმსჯელებს შემდგომ ნაბიჯებზე", - დასძინა ბრიტანეთის მთავარმა დიპლომატმა.
დომინიკ რააბის თქმით, ის უკვე ისაუბრა თავის ამერიკელ, ავსტრალიელ, კანადელ და ახალ ზელანდიელ კოლეგებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჰონგ კონგის მიმართ სოლიდარობა.
"გასულ კვირას ევროკავშირის განცხადება, რომელიც გამოხატავდა მწვავე შეშფოთებას ჩინეთის ქმედებებზე, არ იყო ისეთი მკაცრი, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით", - თქვა რააბმა და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, ბრიუსელი აქტიურად არის ჩართული ჰონგ კონგის საკითხების მოგვარებაში.
შეგახსენებთ, ჩინეთის სახალხო კონგრესმა (უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო) დაამტკიცა რეზოლუცია "უსაფრთხოების კანონის შესახებ", რომლის მიხედვითაც პეკინი გეგმავს ჰონგ კონგზე გავლენების გაძლიერებას, რაც გამოიხატება ჰონგ კონგის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩინეთის პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების შეუფერხებელ საქმიანობაში.
გარდა ამისა, კანონით იკრძალება ჰონგ კონგის ტერიტორიაზე ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ორგანიზება და ჩატარება.
კანონპროექტი მიღებულ იქნება ჰონგ კონგის საკანონმდებლო ორგანოს მონაწილეობის გარეშე.
ახალი კანონი მიზნად ისახავს ჰონგ კონგში ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის შემცველი მოქმედებების თავიდან აცილებას, ჩახშობას და დასჯას: "სეპარატიზმი, სახელმწიფო ძალაუფლების შელახვა, ტერორიზმი და საგარეო ჩარევა".
იგი ასევე მოიცავს ჰონგ კონგში პეკინის მიერ სპეციალური ორგანოების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქში ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესების დაცვას.
კანონი ითვალისწინებს სასჯელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროშისა და ჰიმნის შეურაცხყოფისთვის.
დასავლეთი და ჰონგ კონგელი პროდემოკრატები თვლიან, რომ აღნიშნული კანონი ძირს უთხრის პრინციპს "ერთი ქვეყანა - ორი სისტემა".
ჰონგ კონგში პროდემოკრატიული მოძრაობის დამცველები აცხადებენ, რომ პეკინის ნაბიჯი ეწინააღმდეგება "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" პრინციპს, რომელიც ჰონგ კონგში მაცხოვრებლებს თავისუფლებას ჰპირდება, რაც ესოდენ სანატრელია ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
ერთი ქვეყანა - ორი სისტემა - გულისხმობს ადმინისტრაციულ მოწყობას, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ყოფილ კოლონიურ ტერიტორიებს (ჰონგ კონგი, მაკაო და ტაივანი) უნდა ჰქონდეთ საკუთარი ეკონომიური და პოლიტიკური სისტემა, იურისდიქცია, დამოუკიდებელ იფინანსური სისტემა და ა.შ.
ჰონგ-კონგს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი აქვს და ფართო ავტონომიით სარგებლობს.
1997 წელს ჰონგ კონგში დასრულდა 156-წლიანი ბრიტანული კოლონიური მმართველობა და გაერთიანებულმა სამეფომ ჰონგ კონგი ჩინეთს გადასცა პირობით, რომ ის 2047 წლამდე შეინარჩუნებდა ფართო ავტონომიას და განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ მოწყობას.