ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ჩიკაგოს გარეუბანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, რომელიც აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტი პატარა ქალაქ სისეროში მოხდა. ხელისუფლების წარმომადგენელებმა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს.
ამასთან, დაკავებულია 60-მდე ადამიანი.
მეექვსე დღეა არ წყდება ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები ვაშინგტონში, ნიუ იორკში და შეერთებული შტატების კიდევ მრავალ სხვა ქალაქში.
ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები ქალაქ მინეაპოლისში, პოლიციელების მიერ დაკავებული 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.
დაკავების კადრებში, ჩანს, რომ მიწაზე დაგდებულ ჯორჯ ფლოიდს პოლიციელი კისერზე მუხლს აჭერს, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული შველას ითხოვს და ამბობს, რომ სუნთქვა უჭირს. მოგვიანებით ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ამერიკის ხმის" ცნობით, შოვინის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, ის ფლოიდს კისრის არეში მუხლით 8 წუთი და 42 წამი აწვებოდა.
30 მაისს აღნიშნულ საქმეზე დააკავეს პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პოლიციელს უფრო მძიმე მუხლი წაუყენონ, ასევე პასუხი აგონ პოლიციის სხვა ოფიცრებმაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ.