კანადა არ უჭერს მხარს რუსეთის "დიდ შვიდეულში" დაბრუნებას, როგორც ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იყო შემოთავაზებული, რადგან იგი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულვებელყოფას. აცხადებს კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო.
"რუსეთი დიდი შვიდეულიდან, რამდენიმე წლის წინ გაირიცხა, მას შემდეგ, რაც ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა. მას შემდეგ იგი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უგულვებელყოფას. სწორედ ამიტომ, რუსეთი "დიდი შვიდეულის" მიღმაა და ასეც დარჩება", - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გააჟღერა მთავრობის ოფიციალური პოზიცია, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი რუსეთის "დიდ შვიდეულში" დაბრუნების წინადადებას ვეტოს დაადებს.
შაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "დიდი შვიდეულის" სამიტი, რომელიც ვაშინგტონში ივნისში უნდა გამართულიყო, სექტემბრამდე გადაიდო.
მისივე განცხადებით, სამიტზე "დიდი შვიდეულის" არაწევრი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის მოწვევას გეგმავს.
"დიდ შვიდეულში" წევრობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ერთსულოვნებით და საჭიროებს ყველა წევრის თანხმობას. "დიდი რვიანის" შემადგენლობა რუსეთს 2014 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაატოვებინეს.