დიდი ბრიტანეთი ვეტოს დაადებს რუსეთის "დიდ შვიდეულში" დაბრუნების საკითხს. იტყობინება გამოცემა Politico, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის პრესსპიკერზე დაყრდნობით.
შაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "დიდი შვიდეულის" სამიტი, რომელიც ვაშინგტონში ივნისში უნდა გამართულიყო, სექტემბრამდე გადაიდო.
მისივე განცხადებით, სამიტზე "დიდი შვიდეულის" არაწევრი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის მოწვევას გეგმავს.
ჯონსონის პრესსპიკერის განცხადებით, მასპინძელი ქვეყნის გადასაწყვეტია, თუ ვის მოიწვევს სამიტზე, თუმცა დიდი ბრიტანეთი მხარს არ დაუჭერს წინადადებას, რუსეთის "დიდ შვიდეულში" დაბრუნების შესახებ.
"დიდი ბრიტანეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის "დიდ შვიდეულში" დაბრუნებას, თუ იგი არ შეწყვეტს აგრესიულ და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ საქმიანობას, რომელიც ძირს უთხრის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისა და ჩვენი მოკავშირეების კოლექტიურ უსაფრთხოებას", - განაცხადა პრესსპიკერმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სახელით.
"დიდ შვიდეულში" წევრობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ერთსულოვნებით და საჭიროებს ყველა წევრის თანხმობას. "დიდი რვიანის" შემადგენლობა რუსეთს 2014 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაატოვებინეს.