სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა დაიწყო. წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სვეტიცხოვლის დაარსებიდან 1700 და ტაძრის განახლებიდან 1000 წლისთავთან დაკავშირებით აღავლენს.
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციები ეწვია.
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, ძველ სატახტო ქალაქში მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. კერძოდ კი მცხეთის ცენტრალურ ქუჩებზე ხალხური რეწვის, კერამიკის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, მელქიოლის, ვერცხლის, მინანქარის, საბიბლიოთეკო წიგნებისა და ნახატების გამოფენა გაიმართება.
12-იდან 15 საათამდე სასულიერო ორკესტრი და ადგილობრივი ანსამბლები თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ. დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლების, კლუბების, საჯარო სკოლების მიერ მოწყობილი საშემოდგომო გამოფენები, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის (დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი) შემოქმედებითი კოლექტივების, საცირკო, ნიღბების თეატრის და პანტომიმის წარმოდგენები.
მცხეთაში ჩასული სტუმრები ნახავენ ზღაპრის გმირების პერსონაჟებს და სპორტულ სანახაობებს, გაიმართება ქართული ჭიდაობა, კარატე, კრივი, ფრემბურთი, მინიფეხბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ნარდი, ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების _ ხრიდოლის ჯგუფის სანახაობრივი წარმოდგენები.
დიდი მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში წიგნის - "მცხეთის ისტორიული არქიტექტურული გზამკვლევის" პრეზენტაცია გაიმართება, მოეწყობა ახალი დოკუმენტური ფილმის "მოზარდების თვალით დანახული სვეტიცხოველი" ჩვენება. სტუმრებს შესთავაზებენ ქართული და ევროპული სამზარეულოების მომსახურებას.
16:00 საათზე დაგეგმილია გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თეიმურაზ წიკლაური, მამუკა ონაშვილი, მერაბ სეფაშვილი, დუეტი "ჯორჯია", სოფო ხალვაში, ნატო გელაშვილი, ნინო ჩხეიძე, გიორგი ხუციშვილი, ანსამბლი "ბარძიმი", ხვიჩა მაღლაკელიძე, დათო გომართელი, გუჯა მარდალეიშვილი და ნინი შერმადინი.
სვეტიცხოვლის დღესასწაული დასრულდება გრანდიოზული კონცერტით, რომელიც სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე 19:00 საათზე გაიმართება.