ევროკავშირმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, გადახედოს გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ყოვლეგვარი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ.
ამ მოწოდების შემცველი განცხადება გაავრცელეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარე პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბორელმა.
"იმ ფონზე, როდესაც სამყარო კვლავ აგრძელებს ბრძოლას COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ, ყველასთვის მთავარ ამოცანად სიცოცხლის გადარჩენა და პანდემიის შეკავება რჩება. ევროკავშირი აგრძელებს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერას ამ კუთხით და უკვე უზრუნველყო მისი დამატებით დაფინანსება", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის ლიდერები მხარს უჭერენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გლობალური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოუწოდებენ ქვეყნებს ითანამშრომლონ და მიიღონ ეფექტური გადაწყვეტილებები.
"ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს გადახედოს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას", - ნათქვამია განცხადების ტექსტში.
შეგახსენებთ, გუშინ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ არაეფექტურ მოქმედებებში და განაცხადა, რომ ქვეყანა ორგანიზაციასთან ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს.