რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი, საქართველოსთან მოლაპარაკებების საკითხებში, გრიგორი კარასინი რუსულ მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ის და მისი ქართველი კოლეგა, ზურაბ აბაშიძე მზად არიან კონსულტაციები გამართონ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, პირად შეხვედრაზე აგვისტო-სექტემბერში. აღნიშნულის შესახებ რუსული სააგენტო "რია" იუწყება.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს თემა საკმაოდ მგრძნობიარეა და მზად ვართ ინტერაქციისა და კონსულტაციისთვის, როდესაც შევხვდებით", - განუცხადა კარასინმა პარასკევს "რია"-ს.
კარასინის განცხადებით, მისი და აბაშიძის შეხვედრა პრაღაში გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებულები გახდნენ, შეხვედრა გადაედოთ.
მისივე თქმით, ის და მისი ქართველი კოლეგა ოპტიმისტები არიან და იმედოვნებენ, რომ პირად შეხვედრას გამართავენ აგვისტო-სექტემბერში.
შეგახსენებთ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გააჟღერა სურვილი ლუგარის ლაბორატორიაში "რუსი ექსპერტების დაშვებისა", საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლების დაშვება საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, წარმოუდგენელია.