ქვეყანაში არსებულ სიღარიბესთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან წამოსულ კრიტიკას ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ტრიბუნიდან უპასუხა და განაცხადა, რომ ამჟამინდელ მთავრობას ყველაზე ნაკლებად სჭირდება ამის შეხსენება. გიორგი გახარიას განცხადებით, 2012 წლიდან სიღარიბე 10,5%-ით არის შემცირებული:
"სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10.5%-ით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო 30%-ზე მეტი, დღეს 19.50%. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში უკიდურესი სიღარიბე შემცირდა 2-ჯერ, გარდა ამისა ბავშვების სიღარიბე 34.7%-დან შემცირებულია 25.5%-მდე," - განაცხადა გიორგი გახარიამ, მისი თქმით, ბოლო წლებში პენსია გაიზარდა და ამასთან კრიზისის მიუხედავად ზრდა წელსაც გაგრძელდება.
"ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი მარტივი მიზეზის გამო ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები განსაკუთრებით დღეს. კარგად მესმის, რომ ყველა ამ ციფრის უკან დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური მძიმე ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში ეს მძიმე ტრაგიზმითაა გამსჭვალული, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რომ ჩვენ ბოკო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, რომ სიღარიბის შემცირების დინამიკა იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო. საქართველოს ბიუჯეტის 1% არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის რაც აქამდე ასე არ იყო. 2013 წელს საბავშვო ბაღები გახდა უფასო, მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ მშობლებს ბავშვების სკოლაში გაშვებისას წიგნებში ფული არ გადაეხადათ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.