შეერთებული შტატები გმობს რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. ამის შესახებ შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"შეერთებული შტატები გმობს რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიას COVID-19-ის გლობალურ პანდემიაზე საქართველოს საპასუხო რეაგირების შესახებ, რაც აშკარა მცდელობაა იმისა, რომ საქართველოსა და რეგიონში არსებული ჯანდაცვის სიტუაცია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენო. მოსკოვი კიდევ ერთხელ ავრცელებს სიცრუეს საქართველოში მაღალკვალიფიციური კვლევითი ინსტიტუტის, რიჩარდ ლუგარის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესახებ, ამჯერად მიმდინარე და სერიოზული პანდემიის დროს", - განაცხადა გილმორმა.
ჯეიმს სტიუარტ გილმორის განცხადებით, რუსეთი დაკავებულია ზღაპრების გავრცელებით, რათა პანდემიის ფონზე საკუთარი გავლენების გაძლიერებას ეცადოს.
როგორც აშშ-ის ელჩმა განაცხადა, ლუგარის ცენტრი დაარსებულია კოვიდ-19-ის მსგავსი დაავადებების გავრცელებისას მათ ამოსაცნობად და მათთან საბრძოლველად.
"მან ხელი შეუწყო საქართველოში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას", - თქვა გილმორმა და დასძინა, რომ მოსკოვის აღმაშფოთებელი ცრუ ბრალდებები არც კი იმსახურებს განხილვას.
შეგახსენებთ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გააჟღერა სურვილი ლუგარის ლაბორატორიაშ "რუსი ექსპერტების დაშვების", საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე.