"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ლუგარის ცენტრზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ რუსეთის პირდაპირი ჩარევა საქართველოს საქმეებში გამორიცხული უნდა იყოს ნებისმიერი მიმართულებით
მისი თქმით, გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნებისმიერ ობიექტზე რუს სპეციალისტებს დამოუკიდებლად ვერ დაუშვებს უცხოელი დამკვირვებლების გარეშე.
"ზოგადად, საერთაშორისო სამართალში ძალიან ბევრი რამ კონტროლქვეშ არის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში, მაგრამ ბუნებრივია, ეს მიმართულებები განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნებს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები. როდესაც ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ბუნებრივია, აქ ნორმალურ თანამშრომლობაზე, ნორმალურ ინსპექტირებაზე, თუნდაც ინფორმაციის გაცვლაზე, ლაპარაკი ძალიან რთულია", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ დარწმუნებლია, საქართველო იმოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
"ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ამ ტიპის ინსპექტირებას, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და არა პირდაპირ ჩარევის განხორციელებით უნდა იყოს შესრულებული", - თქვა ბურჯანაძემ.