რუსეთის პირდაპირი ჩარევა საქართველოს საქმეებში გამორიცხული უნდა იყოს ნებისმიერი მიმართულებით, - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე კომენტირებისას.
მისი თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ამ ტიპის ინსპექტირებას, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და არა პირდაპირ ჩარევის განხორციელებით უნდა იყოს შესრულებული.
"გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნებისმიერ ობიექტზე რუს სპეციალისტებს დამოუკიდებლად ვერ დაუშვებს უცხოელი დამკვირვებლების გარეშე. თუ ეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული, მაშინ, რუსეთმა და საქართველომაც უნდა იმოქმედონ საერთაშორისო ხელშეკრულებისა და ნორმების დაცვით და საერთაშორისო მეთვალყურეების თანდასწრებით. რუსეთის პირდაპირი ჩარევა საქართველოს საქმეებში გამორიცხული უნდა იყოს ნებისმიერი მიმართულებით", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.