ჩინეთის სახალხო კონგრესმა (უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო) დაამტკიცა რეზოლუცია "უსაფრთხოების კანონის შესახებ", რომლის მიხედვითაც პეკინი გეგმავს ჰონგ კონგზე გავლენების გაძლიერებას, რაც გამოიხატება ჰონგ კონგის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩინეთის პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების შეუფერხებელ საქმიანობაში.
გარდა ამისა, კანონით იკრძალება ჰონგ კონგის ტერიტორიაზე ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ორგანიზება და ჩატარება.
კანონპროექტი მიღებულ იქნება ჰონგ კონგის საკანონმდებლო ორგანოს მონაწილეობის გარეშე.
ახალი კანონი მიზნად ისახავს ჰონგ კონგში ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის შემცველი მოქმედებების თავიდან აცილებას, ჩახშობას და დასჯას: "სეპარატიზმი, სახელმწიფო ძალაუფლების შელახვა, ტერორიზმი და საგარეო ჩარევა".
იგი ასევე მოიცავს ჰონგ კონგში პეკინის მიერ სპეციალური ორგანოების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქში ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესების დაცვას.
კანონი ითვალისწინებს სასჯელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროშისა და ჰიმნის შეურაცხყოფისთვის.
დასავლეთი და ჰონგ კონგელი პროდემოკრატები თვლიან, რომ აღნიშნული კანონი ძირს უთხრის პრინციპს "ერთი ქვეყანა - ორი სისტემა".
ჰონგ კონგში პროდემოკრატიული მოძრაობის დამცველები აცხადებენ, რომ პეკინის ნაბიჯი ეწინააღმდეგება "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" პრინციპს, რომელიც ჰონგ კონგში მაცხოვრებლებს თავისუფლებას ჰპირდება, რაც ესოდენ სანატრელია ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
ჩინეთის მცდელობას კონტროლი დაამყაროს ჰონგ კონგის ავტონიმიაზე, გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომეო.
მაიკ პომპეოს განცხადებით, ჰონგ კონგი აღარ არის ჩინეთისგან ავტონომიური. პომპეოს თქმით, ამის შესახებ მან უკვე ოფიციალურად აცნობა შეერთებული შტატების კონგრესს.
"დღეს, კონგრესს შევატყობინე, რომ ჰონგ კონგი, ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩინეთისგან ავტონომიური აღარ არის. შეერთებული შტატები ჰონგ კონგელი ხალხის გვერდით დგას", - დაწერა მაიკ პომპეომ მიკრობლოგ "ტვიტერში".
ერთი ქვეყანა - ორი სისტემა - გულისხმობს ადმინისტრაციულ მოწყობას, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ყოფილ კოლონიურ ტერიტორიებს (ჰონგ კონგი, მაკაო და ტაივანი) უნდა ჰქონდეთ საკუთარი ეკონომიური და პოლიტიკური სისტემა, იურისდიქცია, დამოუკიდებელ ფინანსური სისტემა და ა.შ.
ჰონგ-კონგს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი აქვს და ფართო ავტონომიით სარგებლობს.
1997 წელს ჰონგ კონგში დასრულდა 156-წლიანი ბრიტანული კოლონიური მმართველობა და გაერთიანებულმა სამეფომ ჰონგ კონგი ჩინეთს გადასცა პირობით, რომ ის 2047 წლამდე შეინარჩუნებდა ფართო ავტონომიას და განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ მოწყობას.