შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ჰონგ კონგი აღარ არის ჩინეთისგან ავტონომიური.
პომპეოს თქმით, ამის შესახებ მან უკვე ოფიციალურად აცნობა შეერთებული შტატების კონგრესს.
"დღეს, კონგრესს შევატყობინე, რომ ჰონგ კონგი, ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩინეთისგან ავტონომიური აღარ არის. შეერთებული შტატები ჰონგ კონგელი ხალხის გვერდით დგას", - დაწერა მაიკ პომპეომ მიკრობლოგ "ტვიტერში".
მაიკ პომპეოს მწვავე განცხადების ფონია პეკინის სურვილი, გადახედოს ჰონგ კონგის კანონმდებლობას და კრიმინალიზება მოახდინოს ანტისამთავრობო მოძრაობებისა, როგორც არის პროდემოკრატიული აქციები.
ჰონგ კონგში პროდემოკრატიული მოძრაობის დამცველები აცხადებენ, რომ პეკინის ნაბიჯი ეწინააღმდეგება "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" პრინციპს, რომელიც ჰონგ კონგში მაცხოვრებლებს თავისუფლებებს ჰპირდება, რაც ესოდენ სანატრელია ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში მცხოვრები მოქალაქეებისთვის.