დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, "ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი" სვეტიცხოვლის საკურთხეველში დაიდება და ტრაქტატზე ხელმომწერთა სახელით აღევლინება ლოცვა საქართველოსთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის.
ახალ ტრაქტატზე ხელმოწერა დაიწყო გასული წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
საქართველოს კათალიკოს-პაატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ აფხაზეთთან და ოსეთთან კონფლიქტური სიტუაცია გლობალური პოლიტიკური დაპირისპირების გამოვლენაა, რომლისთვისაც ნიადაგი დიდი ხნით ადრე მომზადდა.
"დღესაც ზოგიერთი უცხოელი მეცნიერი და ექსპერტი ისევ ახორციელებს მიზანმიმართულ ანტიქართულ სამეცნიერო-იდეოლოგიურ კამპანიას. ამიტომაც გამოვედით ინიციატივით, მთელს ერს კვლავ დაედო "ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი~ და ამით ჩვენს დროში კიდევ ერთხელ გაგვეცა პასუხი ავისმსურველთათვის", - ნათქვამია კათოლიკოს-პაატრიარქის 2010 წლის სააღდგომო ეპისტოლეში.
შეგახსენებთ, რომ "ქართველთა ერთობის ახალი ტრაქტატის" მიღების ინიციატივა თავად საქართველოს პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორემ 2009 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარებული წირვის შემდეგ გამართული ქადაგებისას მრევლს ტრაქტატის ხელმოწერისკენ მოუწოდა.