ჯანდაცვის სისტემა ჩვენ რომ შევადაროთ როგორ მდგომარეობაში იყო მაშინ, იანვარში, როდესაც ეპიდემიის პირველი რისკები გამოჩნდა და როგორ მდგომარეობაში არის დღეს - ეს არის ცა და დედამიწა, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, დღეს ჯანდაცვის სისტემას შეუძლია ეფექტურად მართოს რამდენიმე ასეული ინფიცირებული.
"ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადავარჩინოთ, არამედ იმისთვისაც, როგორ ეფექტურად ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის გახსნას. საბოლოო ჯამში, გლობალური კონკურენცია სწორად ამ სივრცეში განვითარდება, ეკონომიკურ სივრცეში და გამარჯვებულები პანდემიასთან ბრძოლაში იქნებიან ქვეყნები, რომლებიც შეძლებენ როგორც ჯანმრთელობის დაცვას თავიანთი მოქალაქეების, ასევე ეკონომიკის განვითარებას. ამიტომ ჩვენთვის უკიდურესი მნიშვნელობა აქვს როგორ იფუნქციონირებს ჯანდაცვის სისტემა", - თქვა პრემიერმა.