ხვალ, 14 ოქტომბერს, მცხეთობაა. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლეს.
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, ძველ სატახტო ქალაქში მთელი რიგი ღონისძიებია დაგეგმილი. კერძოდ კი მცხეთის ცენტრალურ ქუჩებზე ხალხური რეწვის, კერამიკის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, მელქიოლის, ვერცხლის, მინანქარის, საბიბლიოთეკო წიგნებისა და ნახატების გამოფენა გაიმართება.
12-იდან 15 საათამდე სასულიერო ორკესტრი და ადგილობრივი ანსამბლები თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ. დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლების, კლუბების, საჯარო სკოლების მიერ მოწყობილი საშემოდგომო გამოფენები, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის (დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი) შემოქმედებითი კოლექტივების, საცირკო, ნიღბების თეატრის და პანტომიმის წარმოდგენები.
მცხეთაში ჩასული სტუმრები ნახავენ ზღაპრის გმირების პერსონაჟებს და სპორტულ სანახაობებს, გაიმართება ქართული ჭიდაობა, კარატე, კრივი, ფრემბურთი, მინიფეხბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ნარდი, ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების _ ხრიდოლის ჯგუფის სანახაობრივი წარმოდგენები.
დიდი მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში წიგნის - "მცხეთის ისტორიული არქიტექტურული გზამკვლევის" პრეზენტაცია გაიმართება, მოეწყობა ახალი დოკუმენტური ფილმის "მოზარდების თვალით დანახული სვეტიცხოველი" ჩვენება. სტუმრებს შესთავაზებენ ქართული და ევროპული სამზარეულოების მომსახურებას.
16:00 საათზე დაგეგმილია გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თეიმურაზ წიკლაური, მამუკა ონაშვილი, მერაბ სეფაშვილი, დუეტი "ჯორჯია", სოფო ხალვაში, ნატო გელაშვილი, ნინო ჩხეიძე, გიორგი ხუციშვილი, ანსამბლი "ბარძიმი", ხვიჩა მაღლაკელიძე, დათო გომართელი, გუჯა მარდალეიშვილი და ნინი შერმადინი.
სვეტიცხოვლის 1000 წლისთავის საზეიმო დღესასწაული 19:00 საათზე გრანდიოზული კონცერტით დასრულდება, რომელიც სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.