ყველას საკუთარი მანქანა არ ჰყავს, ამიტომ უნდა აღდგეს პირველ რიგში ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა და შემდეგ ალბათ შეიძლება ვიფიქროთ სამარშრუტო ტაქსებზე, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, შესაძლებელია ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობის აღდგენა, ოღონდ გარკვეული რეგულაციების დაცვით.
"კერძოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა: მოინიშნოს სკამები, სადაც შეიძლება მგზავრების დაჯდომა. ანუ ერთ რიგში არ უნდა დაჯდეს ერთ კაცზე მეტი და რიგის გამოშვებით უნდა დასხდნენ მგზავრები. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მგზავრების რაოდენობის შემცირებას. თუ ჩვეულებრივ ავტობუსში ან მეტროს ვაგონში ეტევა პირობითად ვთქვათ 50 კაცი ან 100 კაცი, ასეთი რეგულაციის პირობებში დაეტევა იმის მესამედი. მაგრამ ეს მაინც ბევრად უკეთესია, ვიდრე სულ არაფერი. დავიწყოთ ამით. თუ ჩვენ საქართველოში მივაღწიეთ იმას, რომ საერთოდ წყარო მოვსპეთ ამ კოვიდ ინფექციის და აღარ იქნა კერა, ვისგანაც შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს, შემდეგ შეიძლება, ეტაპობრივად ეს შეზღუდვებიც მოიხსნას. ასე რომ, მე მაინც ყველაფერს ვუყურებ ოპტიმისტურად", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.