წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე, - განაცხადა ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ, "ღამის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, იმ ბასილაშვილის საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მის დანაშაულს დაადასტურებდა.
"მე ცალსახად და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და უფრო მეტსაც გეტყვით, წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ და აღნიშნა, რომ ეს საქმე შინაარსობრივად და თვისობრივად არ ჰგავს მსგავსი მუხლით აღძრულ საქმეებს.
"იმ ეტაპზე როდესაც მოხდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავება არ არსებობდა მისი დაკავების საფუძველი. შინაარსობრივად და თვისობრივად ეს საქმე არ არის მსგავსი იმ ძალადობის საქმეების რაც ძალიან ხშირად ხდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი იმყოფებოდა მისი მშობლების სახლში და მისთვის განკუთვნილ დროს ატარებდა შვილთან, - განაცხადა ირმა ჭკადუამ. მისი თქმით, ბავშვის დედამ შვილის წაყვანა ამ დროის დასრულებამდე მოინდომა, კონფლიქტს ადგილი არ ქონია და ბავშვი დედას გადასცა. ნაცვლად იმისა რომ ქალბატონი ნეკა თავის შვილთან ერთად წასულიყო სახლში ის დაიძრა ნიკოლოზ ბასილაშვილის საცხოვრებელი სახლისკენ," - განაცხადა ირმა ჭკადუამ, მისი თქმით, ბასილაშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელი ვიდეომასალა არსებობს, თუმცა ვიდეოს გასაჯაროება არასრულწლოვანის ინტერესების გამო გადაიფიქრეს.