შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მაიკ პომპეოს მილოცვას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, უცვლელად გთავაზობთ:
"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, ვულოცავ საქართველოს ხალხს, როცა თქვენ თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობთ.
შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზე.
შეერთებულმა შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს ინვესტიციებს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატო-ს მისიაში.
ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობენ და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველებს, რომლებმაც ასეთი მსხვერპლი გაიღეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.
მომდევნო წელს, ჩვენ ველოდებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამდიდრებას, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო განახორციელებს რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს მის დემოკრატიულ პროცესებს და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე დაფუძნებულ კანონის უზენაესობას.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და მის მცდელობებს, გამოასწოროს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანი. მსგავსი კრიზისები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხების მეგობრობის ნამდვილ სიღრმესა და მნიშვნელობას.
გილოცვთ დამოუკიდებლობის დღეს".