ხვალ, ორთვიანი კარანტინის შემდეგ, იერუსლამის მაცხოვრის აღდგომის ტაძრის კარები მომლოცველთა და ვიზიტორებისთვის გაიხსნება. ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილება ბერძნული მართლმადიდებლური, კათოლიკური და სომხური ეკლესიების წინამძღვრებმა ერთობლივად მიიღეს.
მათი თქმით, ტაძრის გახსნის შემდეგ, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის იმოქმედებს გარკვეული ზომები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
თავდაპირველად, ტაძარში დაშვებული იქნება არაუმეტეს 50 ადამიანი. ტაძარში შესვლამდე თერმოსკრინინგი ჩატარდება. აუცილებელი იქნება სახის პირბადით დაფარვა და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.
აკრძალული იქნება ფიზიკური კონტაქტი ტაძარში მყოფ საერო და სასულიერო პირებთან, ასევე ხატებისა და სხვა საკულტო ნივთების კოცნა.
აღდგომის ტაძარი, მართლმადიდებლური აღდგომის წინ, 25 მარტს დაიხურა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.