საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა. 00:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული კომენდანტის საათი აღარ მოქმედებს. ამ დროიდან მოქალაქეებს გადაადგილებაზე ყოველგვარი შეზღუდვა მოეხსნათ. მათ შორის, მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა. ეს შეზღუდვა რჩება მხოლოდ ტაქსებზე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 23 მაისიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, გარკვეული შეზღუდვები ძალაში რჩება.
შეზღუდვები, რომლებიც 23 მაისიდან კვლავ ძალაში იქნება
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ არ იმუშავებს;
რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურება;
სასტუმროების ფუნქციონირება რჩება შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა;
ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა კვლავაც შეზღუდულია, გარდა ონლაინ ვაჭრობისა;
შეზღუდული რჩება ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ;
შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება;
დახურულ სივრცეში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
ტაქსის მძღოლებს მხოლოდ 2 პირის გადაყვანა შეეძლებათ;
აზარტული თამაშები შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად.
სოფელ მუშევანისა და გეტას გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიაზე კარანტინი უქმდება. კარანტინი რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კომენდანტის საათი 31 მარტიდან მოქმედებს, საგანგებო მდგომარეობა კი 21 მარტს გამოცხადდა.