შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში, ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში ქალაბტონი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც სახელმწიფო მინისტრი გახლავთ. მისი გამოცდილება იქნება მნიშვნელოვანი. მას ჰქონდა ამ საკითხებთან მუდმივად შეხება, რადგანაც იგივე თემები, რომლებიც ეუთოში განიხილება, მათ შორის კონფლიქტებთან მიმართებაში, ესეც იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ის წარუძღვება", - აღნიშნა ზალკალიანმა.
ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 2016 წლის აგვისტოდან იკავებდა.