ხვალ, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობაა. მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული არის ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში, რომელიც იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახალი სტილით). დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად "კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა". ამ დღეს აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.
ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოვიდა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოჭრეს ხუროებმა, მისგან დაამზადეს შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღმართეს. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღიმართა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.
ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.