ესპანეთში საჯარო ადგილებში, სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეუძლებელია, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, ყველა მოქალაქე მთელი ქვეყნის მასშტაბით ვალდებული იქნება ატაროს პირბადე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საჯარო სივრცეებში, სადაც მინიმუმ 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა გარანტირებული ვერ იქნება.
წესი ვრცელდება ექვსი წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანზე, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში. ადამიანები, რომლებსაც რესპირატორული პრობლემები ან პირბადის ტარებასთან შეუთავსებელი შეზღუდული შესაძლებლობი აქვთ, თავისუფლდებიან ამ ვალდებულებისაგან.
"ნებისმიერი სახის პირბადე ნებადართულია, რამდენადაც იგი ფარავს ცხვირსა და პირს", - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო, თუმცა მოქალაქეებს ურჩევს, უპირატესობა"ჰიგიენურ და ქირურგიულ" პირბადეებს მიანიჭონ.
ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 232 037 შემთხვევა გამოვლინდა, 27 778 პაციენტი გარდაიცვალა.