მეორე მსოფლიო ომმა არამხოლოდ მილიონობით ადამიანური მსხვერპლი მოიტანა, არამედ მიწასთან გაასწორა ინფრასტრუქტუა და მთლიანად მოშალა სოციალურ-ეკონომიკური წესრიგი.
მეორე მსოფლიოს ომის შედეგად გაჩანაგებული ევროპისა და მისი ეკონომიკის რეკონსტრუქციისთვის, 1948 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო „ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა“, რომელიც ცნობილია „მარშალის გეგმის“ სახელით.
გეგმა საბოლოოდ პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ხელმოწერის შემდეგ შევიდა ძალაში.
ევროპის რეკონსტრუქციის გეგმას, მისი ინიციატორისა და ავტორის, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯორჯ მარშალის სახელი ეწოდა.
შეერთებულმა შტატებმა ომისაგან დაზიანებული და განადგურებული ევროპის აღსადგენად, საერთო ჯამში 13 მლრდ დოლარი გამოყო, რაც დღევანდელი კურსით, ინფლაციის გათვალისწინებით, 130 მილიარდზე მეტია.
გეგმაში მონაწილებდა 16 ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია, დანია, ნორვეგია, შვედეთი, ბელგია, ავსტრია, შვეიცარია, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, იტალია და თურქეთი.
აღსანიშნავია, რომ მარშალის გეგმა ევროპის სახელმწიფოების რეკონსტრუქციისა და ეკონომიკის აღდგენასთან ერთად გერმანიის სტაბილური განვითარების ხელშეწყობასაც ითვალისწინებდა, რასაც თავდაპირველად საფრანგეთის აღშფოთება მოჰყვა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია გეგმის განხორციელებისთვის.
მარშალის გეგმის შემუშავების პარალელურად, შეერთებულ შტატებში ფიქრობდნენ ალტერნატიული გეგმის შესახებ, რომელიც „მორგენთაუს გეგმის“ სახელით არის ცნობილი. მორგენთაუს გეგმა ევროპის ქვეყნების აღდგენასთან ერთად, გერმანიის ინდუსტრიული ეკონომიკის მოშლასა და მის აგრარულ სახელმწიფოდ გარდაქმნას ითვალისწინებდა. თუმცა ამ გეგმამ საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო.
დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში, მარშალის გეგმის მეოხებით, ევროპის ეკონომიკა დაუბრუნდა ომამდელ მდგომარეობას და შემდეგ დაიწყო უსწრაფესი, ჯერარნახული ზრდა, რასაც დიდწილად ეკონომიკური ინტეგრაცია და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა განაპირობებდა.
მარშალის გეგმას“ ისტორიკოსები და ექსპერტები, სრულიად სამართლიანად, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის უდიდეს მიღწევად მიიჩნევენ.
მისი მიზანი იყო, არამხოლოდ ომისშმედგომი ევროპის აღდგენა, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოზიციების მომძლავრება, რაც მეტად დიდ მნიშვნელობას იძენდა, მით უფრო მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი ამ დროს „მსოფლიოს გადამრჩენელის“ მანტიას ირგებდა და ცდილობდა მისი გავლენები უფრო და უფრო დასავლეთით გავრცელებულიყო.
მარშალის გეგმა არ იყო მხოლოდ უანგარო დახმარება ევროპელთა მიმართ, ის ამერიკის ეროვნულ ინტერესებსაც ემსახურებოდა.
მარშალის გეგმას ჰქონდა, როგორც გეოპოლიტიკური ასევე ეკონომიკური განზომილება. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, გეგმის მიზანი იყო კონტინენტიდან საბჭოთა კავშირის გავლენების შეკავება და უკუგდება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯორჯ მარშალი, როდესაც თავისი გეგმის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ფიქრობდა, შიშობდა, რომ ევროპაში ომის შედეგად შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური ვითარება მასობრივ შიმშილამდე მიიყვანდა კონტინენტს, რაც ხელსაყრელ პირობას შეუქმნიდა საბჭოთა კავშირს მიეტაცებინა დასუსტებული ევროპა და აღსრულებინა ნანატრი გეგმა, ევროპის „გაწითლების“ შესახებ.
რაც შეეხება ეკონომიკურ კონტექსტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, იანის ვაროფიკისი ამბობს, რომ გეგმის მიზანი იყო, ევროპისთვის მიეწოდებინათ ჭარბი დოლარი, რათა შემდეგომ ევროპელებს ამ ფულით ამერიკული საქონელი ეყიდათ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებულ შტატებში წარმოების მაჩვენებელი უმაღლეს ნიშნულს იყო მიახლოვებული. შესაბამისად, ამერიკელ მწარმოებლებს სჭირდებოდათ ბაზარი, სადაც გაყიდდნენ თავიანთ ნაწარმს, თუმცა ევროპელებს არ გააჩნდათ საკმარისი მსყიდველობითი უნარი.
მარშალის გეგმას, რომლის ბიუჯეტი შეერთებული შტატების ბიუჯეტის დაახლოებით 13-15%-ს შეადგენდა, ყველა არ შეხვედრია აღფრთოვანებით ამერიკის კონგრესში. იმ დროის საზომებით, ასტრონომიული თანხის გამოყოფაზე ევროპის დასახმარებლად, იოლი არ აღმოჩნდა ამერიკელი კანონმდებლების დათანხმება.
თუმცა სიტუაციის ჯორჯ მარშალის სასიკეთოდ შემობრუნება ჩეხოსლოვაკიაში 1948 წლის გადატრიალებამ „შეუწყო ხელი“. კომუნისტური გადატრიალება, რომელიც კრემლის მიერ იყო ჩაფიქრებული, სათავე დაუდო ჩეხეთში კომუნისტური პარტიის 40-წლიან სასტიკ მმართველობას.
კომუნისტურმა გადატრიალებამ მკაფიოდ დაანახა ამერიკელ კანონმდებლებს ევროპის გაწითლების საშიშროება და მარშალის გეგმის საჭიროება.
ჯორჯ მარშალს სურდა, ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამაში ჩართულიყო ევროპის ყველა ქვეყანა, მათ შორის საბჭოთა კავშირი, თუმცა ვაშინგტონმა კრემლისგან მტკიცე და ცივი უარი მიიღო.
სტალინი მტრულად იყო განწყობილი მარშალის გეგმის მიმართ და მას კონტინტენტზე „ამერიკული იმპერიალიზმის“ გავრცელების საშიშროებად მიიჩნევდა. სწორედ ამიტომ აღმოსავლეთ ევროპის ბლოკის ქვეყნები, სტალინის განკარგულებით, არ იქნენ დაშვებული გეგმაში მონაწილეობისთვის.
„მარშალის გეგმამ“ ფასდაუდებელი დახმარება გაუწია კონტინენტურ ევროპას, რომელიც სულს ღაფავდა მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველი შედეგების გამო და ეკონომიკა ფაქტობრივად არ გააჩნდა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარშალის გეგმამ, ითვალისწინებდა რა ევროპის გეოპოლიტიკურ ინტეგრაციასაც, სული შთაბერა და ბიძგი მისცა ევროპული ქვეყნების გაერთიანებას.
მარშალის გეგმის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ევროპის ეკონომიკის ლიბერალიზაციასა და ევროპულ ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას ითვალისწინებდა. სწორედ ეს ინსტრუმენტი გახდა საფუძველი მომავალში, ჯერ ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის ინდუსტრიის, შემდეგ კი ევროპის ეკონომიკური გაერთიანების შექმნისა.
არსებობს ასეთი ხატოვანი გამოთქმა, რომ მარშალის გეგმის განხორციელებით დაიწყო ყველაზე საინტერესო თავგადასავალი, რომელიც მალე ევროკავშირის დაარსებით დაგვირგვინდა.
მიუხედავად იმისა, რომ მარშალის გეგმას ისტორიკოსები ერთგვაროვნად არ აფასებენ, უდავოა, რომ დღეს თუ ევროპა თავისუფალი, პოლიტიკურად და ეკონომიკურად ერთიანი და ინტეგრირებულია, დიდწილად სწორედ ამ გეგმის დამსახურებაა.