შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, კორონავირუსის პრევენციისთვის ჰიდროქსიქლოროქინს იღებს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ტრამპის ეს განცხადება შეერთებული შტატების ჯანდაცვის ოფიციალური უწყებების გაფრთხილების ფონზე გაკეთდა, რომ ჰიდროქსიქლოროქინი შესაძლოა არ იყოს უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის.
"მე ამას დაახლოებით კვირანახევარია ვიღებ და როგორც ხედავთ, ახლაც აქ ვარ. ისევ აქ ვარ", - უთხრა ტრამპმა თეთრ სახლში თავმოყრილ რეპორტიორებს.
აღსანიშნავია, რომ არ არსებობს მტკიცებულება, ჰიდროქსიქლოროქსინს შეეძლოს კორონავირუსის დამარცხება ან პრევენცია, ხოლო რეგულატორები იუწყებიან, რომ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები.
როდესაც ტრამპს ჰკითხეს, გაუწია თუ არა რეკომენდაცია თეთრი სახლის ექიმმა ამ საკამათო პრეპარატის მისაღებად, მან მიუგო, რომ თავად მოითხოვა წამლის მიღება.