თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მოსახლეობას მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ახალი შემთხვევების დაბალი რაოდენობის მიუხედავად, მოქალაქეებმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ სპეციალისტების რეკომენდაციები და თავშეყრის ადგილებს მოერიდონ.
"თუ მონაცემები ასეთი სტაბილური დაგვრჩება, ალბათ გადავლახეთ, მაგრამ ამით ნუ გავთამამდებით. მოსახლეობას მინდა მივმართო, მიუხედავად შეზღუდვების და აკრძალვების მოხსნისა, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ შეზღუდულად ცხოვრება.
მე მუდმივად გთხოვთ და ახლაც გეუბნებით, თვითშეზღუდვები დავაწესოთ. რამდენიმე დღეა შეინიშნება ხალხმრავალი ადგილები ქუჩებში, ეზოებში. მე გთხოვდით მოსახლეობას, რომ მაინც თავი შევიკავოთ, აუცილებელი საქმის გარეშე ნუ გავალთ სახლიდან და შევიკავოთ თავი თავყრილობებისგან. ჩვენი მიღებული შედეგების გასამყარებლად, აუცილებელია გარკვეულწილად, კვლავ მეტ-ნაკლებად ჩვენი თვითშეზღუდვები გავაგრძელოთ, იმიტომ, რომ ქვეყანას, ეკონომიკას სჭირდება განვითარება და ამისთვის შეზღუდვები და აკრძალვები უნდა მოხსნილიყო, მაგრამ ჩვენ ვეცადოთ, რომ გაგებით შევხედოთ ამ სიტუაციას და ვეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები თავყრილობები გვქონდეს," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.