საქართველოს დელეგაცია ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
როგორც გამგზავრების წინ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა აღნიშნა, ქართული მხარის პოზიცია უცვლელია და ჟენევის მოლაპარაკებზე აფხაზ, ოს სეპარატისტებს და რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ შესთავაზებენ რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობას საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის შესაბამისად.
"ის რასაც ეს მხარები ამ კუთხით დღეს გვთავაზობენ მიუღებელია, რადგან ჩვენ არავითარ აღიარებულ ტერიტორიებს არ ვცნობთ. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები შემოგვთავაზებენ ნეიტრალურ პირობებს, სადაც შევძლებთ საერთო შეხების წერტილების მოძებნას. ეს ეხება უგზო-უკლოდო დაკარგულ ადამიანებსაც", - განაცხადა სანაკოევმა.
ამასთან, ქართლი მხარე ჟენევაში შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და დევნილების ღირსეულად დაბრუნების საკითხების გარდა, ოკუპანტებისგან და სეპარატისტებისგან უკანონოდ დაკავებული 12 ქართველის განთავისუფლების საკითხსაც დააყენებს.
რაც შეეხება რუსულ მხარეს და აფხაზ და ოს სეპარატისტებს ისინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებზე ქართულ მხარესა და მარიონეტულ რეჟიმებს შორის კვლავ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების საკითხს დააყენებენ.