14 ოქტომბერს, "მცხეთობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის მიმართულებით მოძრაობასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოძრაობა მცხეთის მიმართულებით მოხდება შემდეგნაირად: სპეციალური საშვებით აღჭურვილი ავტოტრანსპორტი, სამთავრობო და საპატრიარქო დელეგაციები, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, პრესა და სხვა ოფიციალური პირები იმოძრავებენ ე. წ. ძველი გზით, საჭაშნიკეს ტერიტორიის გავლით, მცხეთის შესასვლელამდე და შემდგომ სვეტიცხოვლის ტაძართან არსებულ ავტოსადგომამდე.
სხვა სახის ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მცხეთის მეორე შესასვლელიდან, რომელიც მდებარეობს რამდენიმე კილომეტრის მოშორებით.
ტურისტებისა და მომლოცველების ტრანსპორტისთვის მცხეთაში მოწყობილია სპეციალური დიდი ტევადობის ავტოსადგომი.