დღეს, 13 ოქტომბერს, 09:30 საათზე, საქპატენტისა და ევროკავშირის ორგანიზებით ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა აღსრულების საკითხებზე შეხვედრა გაიმართება.
სამუშაო შეხვედრის მიზანია ქართველ და ევროპელ ექსპერტებს შორის გამოცდილების გაზიარება ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვისა და აღსრულების საკითხებში. შეხვედრა ასევე მიზანად ისახავს საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებასა და კერძო სექტორს შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში კოორდინაციის ხელშეწყობას. სამუშაო შეხვედრა გამიზნულია სამართალდამცავი ორგანოებისა და ინტელექტუალური სამართლის პრაქტიკოს მუშაკებზე და მათ ევროპასა და საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა აღსრულების სფეროში არსებულ მდგომარეობას გააცნობს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროს, სხვა სამთავრობო უწყებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და პროფესიული ასიციაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართება.