დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დილის მონაცემებით, კორონავირუსის ლაბორატოროულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 647-ს შეადგენს.
მისივე განმარტებით, საქართველოში უკვე გამოჯანმრთელდა 372 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამჟამად მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვს აჭარბებს.
„ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე მნიშვნელოვნად გადააჭარბა აქტიურ შემთხვევებს. რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ აქტიური შემთხვევა გახლავთ ის შემთხვევები, რომლებიც იმყოფებიან ჰოსპიტალში ან ამბულატორიულად და ასეთი დღეს გახლავთ 264, რომლებიც მკურნალობენ. როგორც გითხარით, გამოჯანმრთელდა 372. მათ შორის გუშინ 16. ესეც ნიშანდობლივი და საიმედო ინდიკატორია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ინფიცირებულთა რიცხვს, რაც გარკვეული ინდიკატორია იმის, რომ დამშვიდებისკენ მივდივართ“, – განაცხადა გამყრელიძემ.