იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 744 შემთხვევა გამოვლინდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 1000-ს ჩამოსცდა. მონაცემებს სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ავრცელებს.
ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 219 814-ს მიაღწია. წინა 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 802 ახალი შემთხვევა. ყველაზე მძიმე პერიოდში, მარტის მეორე ნახევარში ინფიცირების შემთხვევების დღე-ღამის მაჩვენებელი 6 ათასს აჭარბებდა.
ამის გარდა ინტენსიური თერაპიის პაციენტების რაოდენობა 1000-ს ჩამოსცდა და 999-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი აპრილის დასაწყისიდან იკლებს. მანამდე აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 4 ათასს შეადგენდა.
გარდაცვლილთა რაოდენობა 30 739-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში 179 ადამიანი გარდაიცვალა. წინა 24 საათში კორონავირუსმა 165 ადამიანი იმსხვერპლა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
ბოლო ერთ დღეში კორონავირუსისგან 1 401 პაციენტი განიკურნა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 106 587-ს შეადგენს.
იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნაში დაწესებული შეზღუდვები 4 მაისიდან ნაწილობრივ მოხსნა.