ელჩების ძალისხმევით მიღებული შედეგი, რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არ იყო საჯარო და იმით, რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს და სწორედ ამ ფაქტორს იყენებს სპეკულირებისთვის.
„ფასილიტატორმა ელჩებმა მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში ფასდაუდებელი და გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ჩვენ, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას მათი ძალისხმევისა და მხარდაჭერის გამო, რამაც საქართველოში პირველად გახადა შესაძლებელი არჩევნების იმგვარი სისტემით ჩატარება, რომელიც პოლიტიკური პარტიების სრულ კონსენსუსს ეფუძნება. შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი, რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს”, - თქვა თალაკვაძემ.