დადებითი დინამიკა იძლევა იმის შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ უკვე მილევადი რეჟიმი აქვს ეპიდემიას ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება ჩავთვალოთ გადალახულადაც და აღარ ველოდოთ ახალი შემთხვევების სწრაფ აღმავლობას, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ბუწაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანა ყველა შესაძლო შემთხვევისთის უნდა იყოს მზად.
"ზოგადად, ჩვენი რეგიონი ასე თუ ისე, შედარებით დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევა, განსაკუთრებით საქართველო. ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან დაბალი ციფრები ვფიქრობ, შეიძლება მიეწეროს იმას, რომ ძალიან სწრაფად დაიწყო ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. ჩვენ გვახსოვს, ვიდრე პირველი შემთხვევა დაფიქსირდა თებერვლის ბოლოს, საქართველოში ბევრად ადრე დაიწყო პრევენციული ზომები, კერძოდ აეროპორტებში კონტროლი, თერმოსკრინინგი და სხვადასხვა ქვეყნებთან საზღვრების ეტაპობრივი ჩაკეტვა. ძალიან ეფექტურად მიმდინარეობდა კონტაქტების კვლევა; როგორც ვიცით, პირველი შემთხვევები ქვეყნის შიგნით კი არ დაფიქსირდა, პირდაპირ ვთქვათ, საზღვარზე შემოსვლისთანავე მოხდა მათი გამოვლენა. ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ პირველი შემთხვევები აღმოაჩინა იმ ეტაპზე, როცა უკვე იყო ქვეყანაში შიგნით დაავადების გავრცელების შემთხვევები და შესაბამისად ამ ქმედებებმა მე ვფიქრობ, შედეგი გამოიღო“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.