ჩვენ უკვე განვიხილავთ იმ მიმართულებებს, რომელთა აღდგენა შეგვიძლია ქუთაისიდან, აცხადებს ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო. როგორც რადომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განმარტა, ავიაბილეთის ისევ იაფი ფასები იქნება, რადგანაც Wizz Air-ი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.
"არა მხოლოდ საქართველოზე გავრცელდა შემზღუდავი ზომები, რათა არ მომხდარიყო კორონავირუსის გავცელება. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც ვიცით საქართველოს სამოგზაურო აკრძალვა მაისის შუა რიცხვებამდე მოქმედებს. მანამდე ჩვენ ვერ შევძლებთ ფრენების აღდგენას. მოხარულები ვიქნებით განვაახლოთ მუშაობა, როგორც კი მოთხოვნა გაჩნდება და შეზღუდვები მოიხსნება.
ველოდებით, რომ ფრენები ქუთაისიდან ეტაპობრივად აღდგება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდება. თავდაპირველად მოთხოვნა იქნება გარკვეულ მიმართულებებზე, რათა მოხდეს ოჯახების წევრების მიმოსვლა, ან საქართველოდან მოქალაქეთა მგზავრობა ევროპულ ქვეყნებში, სამედიცინო, ან სამუშაოსთან დაკავშირებული მოგზაურობისთვის. ჩვენ უკვე განვიხილავთ იმ მიმართულებებს, რომელთა აღდგენა შეგვიძლია ქუთაისიდან.
ველოდებით, რომ ფასები იქნება დაბალი – ისეთივე, როგორც პანდემიამდე, რადგან Wizz Air-ი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა ინდუსტრიაში. ჩვენ ერთ-ერთმა ბოლომ შევაჩერეთ ფრენები და ვიქნებით ერთ-ერთი პირველი, თუ პირველი არა, რომელიც მათ აღადგენს.
ქუთაისიდან უკვე გვაქვს ფრენების საკმაოდ ფართო ქსელი. როგორც ყოველთვის, ჩვენ ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზეც, არა მხოლოდ ქუთაისიდან, არამედ ზოგადად, ჩვენ ქსელში", - აცხადებს ანდრაშ რადო.
Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა არ დაუკარგავს და ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოს ბევრი თავიდან აღმოაჩენს.
"დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიის შემდეგ ძალიან ბევრი ტურისტი დაუბრუნდება საქართველოს. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ძალიან ბევრი ქართველიც იმოგზაურებს ტურისტული, ან სამუშაო მიზნით სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში:, განაცხადა რადომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.
მანვე დასძინა, რომ Wizz Air-ს 1.5 მილიარდი ნაღდი ფული აქვს, რაც საკმარისია მრავალი თვის განმავლობაში ავიაკომპანიის ფუნქციონირებისთვის.
"ბევრ ავიაკომპანიას აქვს საკმარისი ნაღდი ფულის მოცულობა მხოლოდ 2-3 თვისთვის. შესაბამისად, მათ მოუწევთ ფასების აწევა. ბევრი ავიაკომპანია მიიღებს ფინანსურ დახმარებას მთავრობებისგან, რაც რეალურად სესხებია, მათ მოუწევთ ამ თანხის დაბრუნება. გადასახადის გადამხდელთა თანხა წავა არაეფექტიანი ბიზნეს-მოდელების დასაფინანსებლად. ამ თანხების დასაბრუნებლად ამ ავიაკომპანიებს მოუწევთ ფასების აწევა, რათა მეტი მოგება ნახონ. Wizz Air-ს სესხი არ აუღია არცერთი მთავრობისგან და ფასების ძველ დონეზე შენარჩუნება შეგვიძლია", - აცხადებს Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო.