საქართველოსთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთი კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკელთა პარტიიდან, რობ ბიშოპიც ემხრობა. ამის შესახებ ინფორმაცია კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რობ ბიშოპი მეცხრე კონგრესმენია, რომელიც საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკანონმდებლო აქტს მიემხრო. მანამდე ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს კონგრესმენებმა - ბრაიან ბაბინმა, ჩარლზ ფლიშმანმა, რენდი ვებერმა, დენ ქრენშუომ, პიტ ოლსონმა, უილ ჰარდმა, ბილ ფლორესმა.
რობ ბიშოპი წარმომადგენელთა პალატის წევრია იუტას შტატიდან.
საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ თავდაპირველად კონგრესმენმა მარკვეინ მალინმა გიორგი გახარიასთვის მიწერილ წერილში ახსენა.
გახარიასადმი მიწერილ წერილში კონგრესმენი მალინი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავდა.
მალინმა საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი 2019 წელს შეიმუშავა და წარადგინა.