საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე 4 მედიკამენტს გამოცდიან, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, კვლევის ფარგლებში ერთმანეთს შედარდება 4 მედიკამენტი: 1. პლაქვენილი, რომელსაც საქართველო უკვე იყენებს კორონავირუსთან ბრძოლაში; 2. რემდესივირი, რომელიც პირველად შემოვა საქართველოში; 3. ლოპინავირ/რიტონავირი, რომელიც შიდსის საწინააღმდეგოდ გამოიყენება და რომელიც საქართველოში რამდენიმე აივ დადებით პაციენტზე უკვე არის გამოყენებული; 4. ლოპინავირ/რიტონავირი პლუს ბეტა ინტერფერონი.
ცერცვაძის თქმით, პაციენტების კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება და ყველა წინასწარ ხელმოწერით დაადასტურებს კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობას.