ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ რაიანი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, კორონავირუსისა და ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიის კავშირის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით მაიკლ რაიანმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ არ მიგვიღია მონაცემები აშშ-ის მთავრობიდან, რომელიც ეხება ვირუსის სავარაუდო წარმოშობას. ჩვენი გადმოსახედიდან, ეს რჩება, როგორც სპეკულაციური თეორია", - თქვა რაიანმა.
მისივე განცხადებით, "ყველა მტკიცებულება გვაფიქრებინებს, რომ ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა".
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელდა. აღნიშნულ ვერსიას მხარს უჭერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ირწმუნება, რომ ყველა ხელმისაწვდომ მტკიცეებულებაზე დაყრდნობით, ჩინეთში გაჩენილი კორონავირუსი, ცხოველური წარმომავლობისაა და არ ეტყობა, რომ ის ლაბოლატორიაშია შემუშავებული ან მანიპულირებული.