შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს მტკიცებულებები ჩინეთის მიერ კორონავარუსთან დაკავშირებული სიტუაციის დამალვის შესახებ.
მანამდე ავსტრალიური გაზეთი Daily Telegraph-ი სადაზვრევო კავშირის "ხუთი თვალის" (აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა და დიდი ბრიტანეთი) 15-გვერდიან მოხსნებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩინეთი განზრახ მალავდა ან ანადგურებდა კორონავირუსის აფეთქების შესახებ მტიცებულებებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩინეთი ანადგურებდა მტკიცებულებებს ლაბორატორიებში კორონავირუსის არსებობის შესახებ და უარს ამბობდა ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერებისთვის ეჩვენებინა ბიომასალები. ჩინეთის ხელისუფლება არაერთგზის აცხადებდა, რომ დასაწყისშივე პასუხისმგებლობით ეკიდებოდა კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებას.
"ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია აკეთებდა ყველაფერს, რათა მსოფლიოს დროულად არ შეეტყო იმის შესახებ, რაც ხდებოდა. არსებობს ამის ბევრი მტკიცებულება, ზოგიერთი საჯაროდ ხელმისაწვდომია", - განაცხადა პომპეომ ტელეარხ ABC-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლება ცდილობდა გაეჩუმებინა ისინი, ვინც ეპიდემიის პირველწყაროდ მიჩნეულ ქალაქ უხანში რეალური სურათის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას აპირებდა. პომპეომ ჩინეთი ასევე დაადანაშაულა დეზინფორმაციის კლასიკურ კომუნისტურ კამპანიაში.
"პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მზად ვართ პასუხი ვაგებინოთ ყველას და ჩვენ ამას გავაკეთებთ, როდესაც ამის დროს მოვა",- დასძინა პომპეომ.
დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ამერიკული მხარე განიხილავს ვერსიებს, რომ ახალი კორონავირუსი უხანის ლაბორატორიებში გაჩნდა. ის ჩინეთს დაემუქრა მკაცრი შედეგებით, თუ კი გაირკვევა, რომ პეკინმა შეგნებულად დაუშვა COVID-19-ის აფეთქება.