საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ეჭვობს, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის მასობრივი ღონისძიების გამართვა შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„ცოტა საეჭვოა, რომ 26 მაისისთვის, შესაძლებელი იყოს რაიმე მასობრივი ღონისძიების ორგანიზება. ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო გადაწყვეტილება, 22 მაისს სრულდება საგანგებო მდგომარეობა, თუ შეიძლება, გახდეს საჭირო ამ მდგომარეობის გაგრძელება.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები, მოვლენებზე დაკვირვების საფუძველზე. ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.
დღეს გვაქვს ოპტიმალური დინამიკა, თუმცა ამან არ უნდა მოგვადუნოს, უნდა ვიყოთ ყურადღებით და დავაკვირდეთ პროცესების განვითარებას, ჩვენ უკვე გვაქვს დიდი იმედი, რომ მაისის ბოლოსთვის გვექნება სათანადო მაჩვენებლები, თუმცა თუ არ დავაკვირდით უახლოეს კვირებში მოვლენების განვითარებას, რაიმე ზუსტი გათვლის გაკეთება გაგვიჭირდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.