ქართულ საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენსა" და სომხეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს "არმენპრესს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
დოკუმენტი, რომლის რატიფიცირება ერევანში დირექტორების გოჩა მირცხულავასა და გრაირ ზორიანის მიერ მოხდა ინფორმაციისა და ფოტომასალის გაცვლის, გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი პროგრამების რეალიზების, ჟურნალისტების ვიზიტებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" დირექტორის გოჩა მირცხულავას თქმით, სომხეთის სახელმწიფო სააგენტო "არმენპრესთან" ურთიერთობა ახლა არ დაწყებულა.
"ჩვენს თანამშრომლობას უკვე გარკვეული ისტორია აქვს. თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება კი უკვე არსებული კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას მოახდენს და სოხმეთის საინფორმაციო სივრცეში სანდო პარტნიორის ყოლის საშუალებას მოგვცემს", _ აცხადებს გოჩა მირცხულავა.
სომხეთის საინფორმაციო სააგენტო "არმენპრესის" დირექტორი გრაირ ზორიანის კი აცხადებს, რომ ქართულ საინფორმაციო სააგენტოსთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
"მსგავსი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პარტნიორი სააგენტოსაგან ოპერატიული და ობიექტური ინფორმაცია მივიღოთ", _ აცხადებს ზორიანი.
შეგახსენებთ, რომ სააგენტოები "ჯი-ეიჩ-ენი" და "არმენპრესი" შავი ზღვის აუზის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის (BSANNA) წევრები არიან.