ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ტუბერკულოზით ავადმყოფების გვერდით და ეს არ იწვევს სამყაროს პარალიზებას, ეს მოდელი უნდა გადავიტანოთ კოვიდზეც, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, მთავარია, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეპიდემია „ან ამ დონეზე გავაჩეროთ ან დავწიოთ ქვემოთ"
"მთლიანად ვერ გავაქრობთ. კორონავირუსი ჯერ არ აპირებს სადმე წასვლას. ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით, ეს ტალღა შევარბილოთ და შემდეგ ვისწავლოთ თანაცხოვრება ამ კოვიდთან. კოჰაბიტაცია ვირუსითან - ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ჩვეულებრივ, მაგრამ კარგა ხანს შევინარჩუნებთ სიფრთხილეს. იგულისხმება ნიღბები, სოციალური დისტანცია... შეგუებული ვიქნებით იმაზე, რომ ჩვენს ირგვლივ გახდებიან ადამიანები კოვიდით ავად და თითოეული ეს შემთხვევა არ გახდება სამსახურის კარანტინში გადაყვანის მიზეზი",-აღნიშნა ცერცვაძემ.
ცერცვაძემ კორონავირუსი ტუბერკულოზს შეადარა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი ბევრად რთული დაავადება. მისივე შეფასებით, ტუბერკულოზის არსებობის მიუხედავად, ქვეყანა პარალიზებული არაა.
"არანაკლებ საშიშია ტუბერკულოზი. გადამდებლობა მისი უფრო მეტია ვიდრე კოვიდის, რადგან ჰაეროვანი ინფექციაა. ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ტუბერკულოზით ავადმყოფების გვერდით და ეს არ იწვევს სამყაროს პარალიზებას, ეს მოდელი უნდა გადავიტანოთ კოვიდზეც",-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.